
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის ქართველი ჟურნალისტების ინიციატივას უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გამოეხმაურა. ჰანა ჰოპკო წერს, რომ ხელისუფლებას უხერხულობას უქმნის გვარამიას მხრიდან კრიტიკა და მისი თავისუფალი აზროვნება.
"ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა! ქართველი ჟურნალისტები მთელი მსოფლიოს კოლეგებს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ ნიკა გვარამიას, შარშან საქართველოს ხელისუფლების მიერ უსამართლოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტს.
ხელისუფლებას უხერხულობას უქმნის გვარამიას მხრიდან კრიტიკა და თავისუფალი აზროვნება. ქართველმა ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად გლობალური ჩელენჯი წამოიწყეს, ის პოლონელ კოლეგებს გადასცეს და მოუწოდეს, მოითხოვონ გვარამიას გათავისუფლება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან", - წერს ჰანა ჰოპკო.
ქართველი ჟურნალისტების კამპანიას შეუერთდა Bild-ის ჟურნალისტი პიტერ ტიდიც.
"გთხოვთ გააზიაროთ. ნიკა გვარამია, ქართველი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოში პოლიტიკური მოტივით პატიმრობაში იმყოფება ყალბი სასამართლო პროცესის შემდეგ, იმის გამო, რომ მისმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია მოსკოვის გავლენის შესახებ ქვეყანაში ოლიგარქიულ მთავრობაზე", - წერს პიტერ ტიდი.
კამპანიას შეუერთდა უკრაინული გამოცემა Euromaidan press:
ცნობისთვის, ქართველმა ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიას მხარდამჭერი კამპანია წამოიწყეს. მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებში ჟურნალისტებს მიმართავენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.