
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის განცხადებით, ის იმედოვნებს რომ მალე მოვა დრო როცა "სამხრეთ ოსეთი" შევა რუსეთის შემადგენლობაში.
გაგლოევმა ეს განცხადება უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიის შესახებ საუბრისას გააკეთა. მისივე თქმით, ის მოხარულია, რომ მათი "მეგობრებისთვის" დადგა ეს ისტორიული მომენტი.
"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სრულად უჭერს მხარს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას. ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენი მეგობრებისთვის დადგა ისტორიული მომენტი, რომ ხალხის სურვილი რუსეთთან გაერთიანების შესახებ დაემთხვა ამ ნაბიჯის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას. მე ვიმედოვნებ, რომ არ არის შორს ის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის ჯერი მოვა," - ამბობს ოკუპირებული რეგიონის მარიონეტული "ლიდერი".
გაგლოევი ამბობს, რომ ოკუპირებულმა "სამხრეთ ოსეთმა" ნათლად განსაზღვრა "საგარეო პოლიტიკა" და მათ მთავარ "პარტნიორად" ამ დრომდე რჩება რუსეთი.