
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ "პრეზიდენტის" ალან გაგლოევის მტკიცებით, საქართველოს "დესტრუქციული ძალები" ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ.
ამის შესახებ დე ფაქტო "პრეზიდენტმა" ე.წ "პარლამენტში" სიტყვით გამოსვლისას თქვა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთი მათი მთავარი პარტნიორია და მათი მოხალისეები და ჯარისკაცები უკრაინაში მიმდინარე "სპეციალურ ოპერაციაში" რუსი მებრძოლების გვერდით "საერთო ინტერესებისთვის" იბრძვიან.
"ჩვენი ჯარისკაცები და მოხალისეები რუსების გვერდით იბრძვიან, რათა საერთო ინტერესები დაიცვან უკრაინული ნეო-ნაცისტების წინააღმდეგ, რომლებიც კოლექტიური დასავლეთის ხელში მარიონეტებად გადაიქცნენ.
სპეციალური ოპერაციის ფონზე საქართველოს რესპუბლიკის დესტრუქციული ძალები გააქტიურდნენ, რომლებიც ქვეყანას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგო მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებენ. ამ კუთხით ჩვენ მივიღეთ ზომები რათა გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობა და გავაძლიეროთ ურთიერთობები რუსეთთან სამხედრო სფეროში," - ამბობს გაგლოევი.
მანამდე ალან გაგლოევმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ისაუბრა.