
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს რუსული მედია პროპაგანდისთვის იყენებს. "ჩვენ დავრჩებით მარტო" - საქართველოში რუსეთთან კონფლიქტის სცენარზე ისაუბრეს," - ამ სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას რუსული გამოცემა Риа Новости და სწორედ პაპუაშვილის ინტერვიუს ციტირებს.
Риа პაპუაშვილის სიტყვებს იყენებს იმის დასამტკიცებლად, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა, ქვეყნისთვის არავინ იბრძოლებს და ის "მარტო დარჩება", როგორც უკრაინა.
"ჩვენ დავრჩებით მარტო. ვუყურებთ უკრაინას და ვხედავთ, რომ არავინ იბრძვის უკრაინის მხარეს ან მათ მაგივრად. ყველაზე ბევრი რაც დასავლეთს შეუძლია გააკეთოს არის იარაღს მიწოდება," - ციტირებს Риа პაპუაშვილს.
დაახლოებით ამავე სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას რუსული სამთავრობო გამოცემა ТАСС-იც: "თბილისი ამბობს, რომ რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო მარტო დარჩება, ისევე როგორც უკრაინა" - წერს ის.