თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის გიორგი ლობჟანიძისა და ექიმ ვახტანგ ყიფიანის სასამართლო პროცესი დღეს, 5 აგვისტოს გაიმართება. პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ირკვევა, რომ „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ 25 წლის ქალს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული მედიკოსების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ექიმებმა ჩაუტარეს. შეცდომით ჩატარებული 2 ოპერაციის შემდეგ, 25 წლის პაციენტი თითქმის ორი წელიწადია, კომაშია. საქმეზე ბრალი მესამე პირსაც აქვს წარდგენილი, თუმცა დაუსწრებლად, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება.
ექიმების ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.
მე გადმომეცა საქმის მასალები, გავეცანი და ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილოს [საუბარია აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის არგამოყენებაზე]. ლიცენზიის პრობლემა ამ საქმეში არ დგას, ყველა პროცედურა ჩატარებულია ლიცენზირებული ექიმების მიერ, - ამბობს უფლებადამცველი.
ნათია ცირეკიძის ადვოკატის გაიოზ ჩარკვიანის მტკიცებით, კი ექიმებს შესაბამისი ოპერაციის ჩატარების ლიცენზია და სერთიფიკატები არ გააჩნიათ.
ოპერაციის ჩამტარებელ ექიმს გამოძიება თაღლითობასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებას ედავება. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს კი, ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.