ე.წ დემარშით პრაქტიკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება, ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ საქართველო ეკონომიკის მინისტრისთვის, ლევან დავითაშვილისთვის გადაცემულ დემარშს გამოეხმაურა. 

კობახიძის მტკიცებით, დემარშით საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვეს, რაც მისთვის "ერთგვარი სიურპრიზი იყო". 

"ამ ე.წ დემარშით, პრაქტიკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება ჩვენი მხრიდან რუსეთის ფედერაციისთვის, რაც იყო ერთგვარი სიურპრიზი. ამ დროის განმავლობაში, როგორც ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა," - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რჩება უცვლელი და რუსეთის ფედერაციას არ დაუწესებენ სანქციებს, რასაც მისივე მტკიცებით, ორი მიზეზი აქვს:

"პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება.

და მეორე, ეკონომიკური კუთხით, რა თქმა უნდა, სანქციებს ექნებოდა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის უმძიმესი შედეგები, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. როდესაც სანქციებს უწესებ სხვას, ამის მიზანი უნდა იყოს მისი დასჯა და როდესაც სანქციების დაწესებით სჯი არა სხვას, არამედ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, ეს არის რა თქმა უნდა ჩვეულებრივი აბსურდი და ამას ბუნებრივია ვერ გავაკეთებდით," - ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის საერთო დემარში გადასცა საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს. ჰერჩინსკის თან ახლდა საქართველოში ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩი.

დემარში რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენას ეხებოდა. როგორც პაველ ჰერჩინსკიმ დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მართალია, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მაინც სჭირდებოდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი