
თბილისელების ქონების კორუფციის გზით გაფლანგვა - საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები კახა კალაძეს შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. საბა ბუაძემ და ანა გოგოლაძემ პროკურატურასთან ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ "ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა დეველოპერმა წინასწარი განზრახვით, მინიმალურ ფასად შეისყიდა სატყეო ზონის მქონე მიწები, სადაც მშენებლობა აკრძალულია და დედაქალაქის მერიას ამ მიწების მონაცვლეობის მოთხოვნით მიმართა. მესაკუთრემ მიწების სანაცვლოდ ლისის მიმდებარედ ძვირადღირებული ტერიტორია მოითხოვა. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განმარტებით, წინასწარ დაგეგმილ და ორგანიზებულ სქემას დედაქალაქის ბიუჯეტის ასეულობით ათასი ლარი მოხმარდა.