
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა ესაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის მორიგ ანტიდასავლურ და ანტიევროპულ გამოსვლას ბრატისლავაში.
დარჩიაშვილმა პოლარიზაციის ნაწილზე გაამახვილა ყურადღება:
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ტრადიციულად, ყოველ წელს იღებს GLOBSEC-ის ფორუმში მონაწილეობას. წელსაც, ტრადიციულად, ის ესტუმრა ბრატისლავას. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა პანელური განხილვა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე და მას ჰქონდა შესაძლებლობა ესაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ასევე ისაუბრა გამოწვევებზე, რომლებიც აქვს დღეს ქვეყანას და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გვეთქვა ყველა ის საკითხი, მათი ყურადღება მიგვექცია იმ გამოწვევებზე, რომლებიც აქვს დღეს საქართველოს. პრიორიტეტი ნომერი ერთი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. ეს არის ნომერი ერთი ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში და ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა უსაფრთხოებაზე, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის.
პირველ რიგში, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ პოლარიზაციას მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ დაასრულებს. პოლარიზაციას სჭირდება კონსოლიდაცია, საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო კონსოლიდაცია ყველას მხრიდან და არა ძალისხმევა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ საქართველო დააზიანონ ამ გზაზე. ამიტომ, პოლარიზაცია აუცილებლად დაიძლევა იმ შემთხვევაში, თუ იქნება ერთიანობა და ყველა მონაწილის მზაობა ამისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და მოვუწოდებთ ყველას, რომ ყველამ გადადოს თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და მობილიზდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარშემო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის.ასევე პრემიერ-მინისტრმა დღეს ისაუბრა იმაზე, რომ პოლარიზაციას მნიშვნელოვანწილად შეამცირებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა, რადგან ეს იქნება ძალიან ძლიერი ნაბიჯი იმისკენ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, ღარიბაშვილმა ბრატისლავას უსაფრთხოების ფორუმზე, უკრაინაში ომის დაწყება ფაქტობრივად ნატოს დააბრალა და თქვა, რომ ომის მიზეზი გახდა უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი.