ღარიბაშვილმა ბერბოკს ჯერ კიდევ მარტში ჰკითხა რუსეთთან ფრენების აღდგენაზე და უარი მიიღო - გეგელია

გამოქვეყნდა:

"ლელოს" წევრი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანალენა ბერბოკს ჯერ კიდევ მარტში ჰკითხა რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ გრიგოლიამ "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

გეგელიას ინფორმაციით, ღარიბაშვილს აინტერესებდა, ექნებოდა თუ არა რუსეთთან ფრენების აღდგენას ნეგატიური გამოხმაურება დასავლელი პარტნიორებისგან. როგორც გეგელიამ აღნიშნა, ბერბოკმა ღარიბაშვილს დაუდასტურა, რომ პარტნიორებს ფრენების აღდგენაზე უარყოფითი რეაქცია ექნებოდათ.

"კარგად ინფორმირებული დასავლელი წყაროები მიდასტურებენ, რომ თბილისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის ვიზიტის დროს, პრემიერ ღარიბაშვილს მასთან ჰქონდა საუბარი რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ. 

კერძოდ, ღარიბაშვილი დაინტერესდა იმით, ექნებოდა თუ არა ამას ნეგატიური გამოხმაურება დასავლელი პარტნიორების მხრიდან. როგორც წყაროები ამბობენ, ბუნებრივია, გერმანელი მინისტრისგან ღარიბაშვილმა მოისმინა, რომ ფრენების აღდგენას ნეგატიური გამოხმაურება ექნებოდა. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი, რაც ხელახლა ადასტურებს მთავრობის ანტიევროპულ მისწრაფებას.  არანაკლებ საყურადღებოა კალენდარი. ბერბოკი საქართველოში 24-25 მარტს იმყოფებოდა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ დროს უკვე განიხილავდა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს, რაზეც რუსეთის პრეზიდენტიც მიუთითებს.  "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უმძიმესი პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს ქართული ეროვნული ინტერესისთვის ასეთი დარტყმის მიყენების და სამარცხვინო ტყუილების გამო", - თქვა გრიგოლ გეგელიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი