დღეს, 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში "ლონდონის ბაღში" მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე ბრალდებული ბაჩანა ციცქიშვილის პროცესი უნდა გაიმართოს. საგამოძიებო უწყება დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალდებულის ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ სისხლიან ინციდენტში ბაჩანა ციცქიშვილი არ მონაწილეობდა, თუმცა საქმე თავის თავზე აიღო, რადგან ის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია.
ყველანაირ არგუმენტებს წარვუდგენთ. რა თქმა უნდა, ორთვიან პატიმრობას შეუფარდებენ, მაგრამ ყველანაირად შევეცდები, ორ თვეზე ადრე წარვუდგინო ყველა მტკიცებულება, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას დაამტკიცებს. მოვითხოვე სამედიცინო ექსპერტიზა, დამიკმაყოფილეს, უკვე ჩატარდება ამ დღეებში, რადგან პიროვნება არის ნაცემი, ასევე მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან, - ამბობს დაკავებულის ადვოკატი ცოტნე ტყებუჩავა.
"მთავარს" წყარო უყვება, რომ საქმეში არასრულწლოვანი ძიუდოისტი ფიგურირებს, თუმცა გამოძიებას ჯერჯერობით ამ მომენტზე რეაგირება არ მოუხდენია.
ინციდენტი 3 აგვისტოს, ლონდონის ბაღში მოხდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდები - საბა გაბედავა და ნიკა ჩაჩუა მეგობრები არიან. ისინი დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათივე კლასელები შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სწორედ მათთან მოუვიდათ, თუმცა რა გახდა მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ორივე დაშავებულს ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ. საქმეზე გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობას განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.