
რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში სპორტული სკოლის ტერიტორიაზე სადგომები ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
როსტოვის ოლქის სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი, სამველ არაკელიანი ამბობს, რომ დაშავებულთა შორის 10 ბავშვია: "დაშავებულია 8 ზრდასრული. ყველა ჰოსპიტალიზებულია. ერთის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენები საშუალო სიმძიმის. დაშავებული 10 ბავშვიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების საშუალო სიმძიმის".
ცნობილია, რომ ქალაქის გუბერნატორი, ვასილ გოლუბევი კი ამბობს: "სამწუხაროდ, ერთი ქალი გარდაიცვალა, მეორე ქალი და ორი ბავშვი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან".
შემთხვევა სამშაბათს, 30 მაისს, საღამოს, ოლიმპიური რეზერვის მე-5 სასპორტო სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეების ფეხბურთის შეჯიბრის დროს მოხდა. პოდიუმის დაცემა ძლიერმა ქარმა გამოიწვია. როსტოვის პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.