
პარტია "დროა" საქარველოს პრემიერმინსიტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას განცხადებითვე ეხმაურება.
პარტია წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს სამიტის წინ, გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე პირადად პუტინის გზავნილი გაიმეორა და უკრაინის ომი დააბრალა NATO-ს გაფართოებასა და უკრაინის სურვილს, გახდეს NATO-ს წევრი.
პარტიის მიერ გავრცელებულ განცახადებაში ვკითხულობთ, რომ ღარიბაშვილის ეს განცხადება პირდაპირ კრემლის გზავნილი, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და დეკლარირებაა იმისა, რომ "ქართული ოცნება" კრემლისა და არა ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურება და ამ ქვეყნის მტრის საქმეს აკეთებს.
"ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის გაგრძელებაა -
დაუპირისპირდეს ყველა დასავლელ პარტნიორს, მოკავშირეს, ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდამჭერს, მოაქციოს საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში, დატოვოს რუსეთთან მარტო და ამით გაანადგუროს სახელმწიფოებრიობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ნიშნავს მეტ იზოლაციას დასავლეთისგან და მეტ დაახლოებას მტერთან - რუსეთთან. შესაბამისად, ამ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ის პასუხი ხელისუფლებისთვის, რომელიც ატარებს მტრის და არა ხალხის ინტერესს, იქნება ერთადერთი - არა რუსულ მთავრობას!" - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. იგი ჟურნალისტებისა და დისკუსიის დამსწრეების კითხვებს პასუხობდა.
მისი პასუხები სავსე იყო ჩვეული ანტიდასავლური რიტორიკით. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა ომი უკრაინაში, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფებაა.