პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი. შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე წერს, რომ ამ კომენტარმა ძირითადად მცდარი, ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა იყოს გაგებული. მისივე თქმით, უფლება აქვთ ეჭვქვეშ დააყენონ ზოგიერთი მეგობრის კრიტიკა და დამოკიდებულება, რადგან საქართველოს მიმართ ბევრჯერ უსამართლო, თითქმის ფარისევლური მოპყრობა ჰქონდათ.
ვრცელ განცხადებაში პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს იარაღის დე-ფაქტო ემბარგო დაუწესეს და მალევე გამოაცხადეს რუსეთთან "გადატვირთვა". მისივე თქმით, მომდევნო წლებში დასავლეთმა მოსკოვთან საგარეო ვაჭრობა უპრეცედენტო დონემდე გაზარდა და დასავლეთის ბევრ ქვეყანას დღემდე ეშინია რუსეთის ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი სახელი დაარქვას - ოკუპაცია უწოდოს.
"მხოლოდ ახლა, უკრაინაში რუსეთის განმეორებითი შეჭრის შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკა იყო და რჩება მტკიცედ პროდასავლური, საქართველოს ახლა, აუხსნელად, აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის არის „პრორუსული“!
ყველაფერი რაც საქართველომ გააკეთა იყო რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პასუხისმგებელი პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც მრავალი წელია სკრუპულოზურად ახორციელებს", - წერს პაპუაშვილი.
ის კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ეს პოლიტიკა გულისხმობს რუსეთისთვის სანქციების არ დაწესებას. პაპუაშვილის მტკიცებით, ქართველები უარყოფითად აღიქვამენ დასავლელი პარტნიორების არათანმიმდევრულ, უსაფუძვლო კრიტიკას.
"ჯერ ერთი, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. თუმცა, იმ დროს რუსეთის აგრესიას დასავლეთის თითქმის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.
მეორე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები პრაქტიკულად არ გააჩნია, ჩვენს ქვეყანას მუდმივად მოუწოდებენ „გაბედულად“ იმოქმედოს. ეს უცნაურია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შეუძლია ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, როგორც ნატოს მე-5 მუხლის მფარველობის ქვეშ მყოფ მოკავშირე ქვეყნებს", - წერს პაპუაშვილი.
პაპუაშვილის ასევე ამბობს, რომ ქვეყნები, რომლებიც ცოტა ხნის წინ შევიდნენ ნატოსა და ევროკავშირში, ყველაზე ხმამაღლა გამოთქვამენ შეშფოთებას საქართველოს შესახებ.
"საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, შევიდეს ნატოსა და ევროკავშირში, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან. შარშან საქართველო კანდიდატის სტატუსის გარეშეც კი დარჩა, მაშინაც, როცა ასოცირებულ ტრიოში აშკარად გამორჩეულები ვიყავით. ამ ყველაფრის გათავალისწინებით ჩვენ თავისი სახელი უნდა დავარქვათ და ვუთხრათ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რომ გადაჭარბებული კრიტიკის ნაცვლად, დროა დაგვეხმარონ უსაფრთხოების მძიმე მდგომარეობის დაძლევაში და ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი დამსახურებული წევრობის მიღებაში", - წერს პაპუაშვილი.
პაპუაშვილის მტკიცებით, 15 წელზე ემტია ბურთი დასავლეთის, ევროკავშირისა და ნატოს მოედანზეა.