
ირაკლი კობახიძე 2008 წლის ომში ისევ საქართველოს ადანაშაულებს და რუსეთის როლს ვერ ხედავს 90-იანი წლების მძიმე მოვლენებშიც. მისი თქმით, 90-იანებში "კატასტროფული შეცდომები" დაუშვეს "კონკრეტულმა ადამიანებმა", ხოლო 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი წავიდა "უმძიმეს ავანტიურაზე".
"90-იანი წლების დასაწყისში იყო კატასტროფული შეცდომები დაშვებული, რასაც აღიარებდა მაშინ ყველა და დღემდე ეს აღიარებულია. არ იყო საზოგადოებაც მომზადებული სახელმწიფოებრიობისთვის, უამრავი კატასტროფული შეცდომა იქნა დაშვებული , რამაც გამოიწვია ის უმძიმესი შედეგები რაც არ დამდგარა სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაშინდელ პრობლემების იყო კატასტროფული შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული კონკრეტული ადამიანების მხრიდან. ..
2008 წელზე საერთოდ არ მინდა საუბარი. იყო უმძიმესი ავანტიურა, რაზეც წავიდა მიხეილ სააკაშვილი. შემდეგ ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულ აქვს რომ მან დაიწყო ომი" ამბობს კობახიძე.
მისი თქმით, "2008 წელს არც ერთ შემთხვევაში არ იქნებოდა საქართველოში ომი, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ქართული ოცნება". კობახიძე რუსეთს "პრობლემას" უწოდებს:
"რუსეთი პრობლემაა და ამ პრობლემას სჭირდება მუდმივი მუშაობა. უსაფრთხოების დაცვა გვჭირდება არ უწყინარი ქვეყნებისგან, არამედ პრობლემური მეზობლებისგან" ამბობს კობახიძე.