
"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელში საუბრობენ ევროკავშირის წევრ 35 სახელმწიფოზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ან პოტენციური კანდიდატი 10 ქვეყნიდან 2 გამოირიცხა.
"ბრიუსელში საუბრებია ევროკავშირის 35 წევრი სახელმწიფოს შესახებ. საქმე იმაშია, რომ არის ევროკავშირის კანდიდატი ან პოტენციური კანდიდატი 10 ქვეყანა: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო, კოსოვო, მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი, უკრაინა. რომელი 2 გამოირიცხა მაშინ?", - წერს იოზვიაკი
ამჟამად, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანაა, 10 სახელმწიფო კი ევროკავშირის კანდიდატი ან პოტენციური კანდიდატია, მათ შორისაა საქართველოც.
2022 წელს საქართველომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადი შეიტანა. ივნისში ევროსაბჭომ მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. ევროკომისიამ ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულება დაავალა, რომელთა შესრულების შემდეგაც საქართველოს სტატუსი კომისიამ ხელახლა უნდა განიხილოს.
ივნისში საქართველო ევროკომისიისგან პირველად, ზეპირ შეფასებას ელოდება, გაფართოების შესახებ რეალური მოხსენება ოქტომბერში იქნება, დეკემბერში კი ცნობილი გახდება საბოლოო პასუხი - მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.