7 მილიონი ლარი 6 თვეში - პოლიტიკური პარტიების შემოწირულობები

გამოქვეყნდა:

2020 წლის პირველ 6 თვეში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობების სახით 7 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ბესიკ ქოჩიაშვილის განმარტებით, 2020 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობების სახით 7 004 696 ლარი მიიღეს.

შემოწირულობების 67% "ქართულ ოცნებას" აქვს მიღებული, რაც ჯამში 4 720 251 ლარს შეადგენს, "ლელომ" კი მიმდინარე წლის 6 თვეში შემოწირულობების 21%, 1 494 915 ლარი მიიღო.

დანარჩენი პარტიების პოლიტიკური შემოწირულობები მიმდინარე წლის 6 თვეში:

  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 465 869 ლარი;
  • "ევროპული საქართველო" - 865 900 ლარი;
  • "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 144 000 ლარი;
  • სხვა პარტიები - 33 596 ლარი.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ნახევარ წელიწადში პოლიტიკური პარტიების ხარჯები 12 მილიონ ლარს აჭარბებს და მათ შორის, რეკლამისთვის 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

გენერალური აუდიტორის მოადგილის ეკატერინა ღაძაძის თქმით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სულ 7-8 ძირითადი მოთამაშეა.

ჩვენ ყველა შემოწირულობას ვსწავლობთ, ვაკვირდებით გარკვეულ თანხობრივ ზღვარს, რომლის განმახორციელებზეც შემდგომ მივმართავთ სასამართლოს, ვითხოვთ ნებართვას სასამართლოსგან, რომ გვქონდეს წვდომა მის შემოსავლებზე, ვუგზავნით წერილებს ბანკებს და გამოვითხოვთ იქიდან ინფორმაციას, და რეალურად მიზანი ის არის, რომ დავადაროთ და იდენტიფიკაცია მოვახდინოთ, ეს შემომწირველი ფლობდა თუ არა საკმარის ფინანსურ რესურსს, რომ აღნიშნული შემოწირულობა განეხორციელებინა, - ამბობს ღაძაძე. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პარტიებს შორის შემოწირულობებით "ქართული ოცნების" ლიდერობას "ოცნების" მიერ განხორციელებულ პოლიტიკას უკავშირებს. 

"ქართული ოცნება" ატარებს პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს მედია პლურალიზმს, ბიზნესის თავისუფლებას, ეკონომიკურ აქტივობას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანს, ადამიანის უფლებების დაცვას, სწორედ ამ პოლიტიკიდან გამომდინარე წყვეტენ ადამიანები, ვის დაუჭირონ მხარი, ვისთვის განახორიელონ შემოწირულობა, - განაცხადა ოხანაშვილმა.   

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით, საქართველოში 263 რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელთაგან 68 -  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდა. 2020 წელს სულ 13 ახალი პოლიტიკური სუბიექტის რეგისტრაცია განხორციელდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი