
გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ნოემბრისთვის დახუროს თავისი გენერალური საკონსულოები რუსეთის ქალაქებში ეკატერინბურგში, კალინინგრადსა და ნოვოსიბირსკში. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსკოვმა რუსეთში გერმანიის დიპლომატიური პერსონალის შემცირება დაგეგმა.
"საჭირო იქნება სტრუქტურული ცვლილებები", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კრისტოფერ ბურგერმა.
"ჩვენი პერსონალის შემცირებასთან დაკავშირებით რუსეთის ინსტრუქციების შესრულების მიზნით, გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დახუროს თავისი გენერალური საკონსულო ოფისები კალინინგრადში, ეკატერინბურგსა და ნოვოსიბირსკში.
"[ოფისების] ოპერატიული მუშაობა უკვე მნიშვნელოვნად შეზღუდულია და ისინი ნოემბრამდე დაიხურება" - განაცხადა კრისტოფერ ბურგერმა.
როგორც მან აღნიშნა, მოსკოვის გადაწყვეტილება რუსეთში გერმანიის დიპლომატიური პერსონალის შემცირებასთან დაკავშირებით "ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯია".
ბურგერის თქმით, გერმანიის მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება რუსეთში გერმანული კულტურული დაწესებულებების, მათ შორის გერმანული სკოლებისა და გოეთეს კულტურული ცენტრის (გოეთეს ინსტიტუტის) ყოფნა მინიმუმამდე შემცირდეს.