
სუდანის დედაქალაქ ხარტუმში ბავშვთა თავშესაფარში ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, სულ მცირე 60 ბავშვი დაიღუპა. სიკვდილის ძირითადი მიზეზები საკვებისა და წყლის ნაკლებობა, ასევე სხვადასხვა დაავადებებია.
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში თავშესაფრიდან ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ჩანს ბავშვების ცხედრები, რომლებიც ჯერ არ დაუკრძალავთ.
გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით, დაღუპულებს შორის, სამ თვემდე ჩვილებიც არიან, ასევე დაღუპულია თავშესაფრის 4 თანამშრომელი.
მას შემდეგ რაც თავშესაფრიდან ვიდეოკადრები გავრცელდა, ადგილობრივმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ გაეროს, UNICEF-ისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით თავშესაფარში საკვების, მედიკამენტების და წყლის მიწოდება შეძლო. ბავშვთა სახლის თანამშრომლები საერთაშორისო ორგანიზაციებს ბავშვების ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ სუდანში სამოქალაქო ომია. ქვეყნის არმიასა და გასამხედროებული დაჯგუფება, "სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.