
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საუბარი იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის ხელსაყრელ დროს ეძებს აბსურდია.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, "ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის სავაჭრო ობიექტი"
"ამ საკითხის ასე დაკავშირება არის მიუღებელი ჩემთვის, ეს არის სწორედ არაევროპული და პირიქით, დისკრედიტაციას უწევს, როგორც ჩვენს ქვეყანას ისე ევროპასაც, როდესაც ხდება ერთი ადამიანის, ხან მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი, მსჯავრდადებულის დაკავშირება ევროპულ პერსპექტივასთან. მათ შორის მოვისმინე გუშინ კომენტარები, თითქოს პრეზიდენტი ელოდება ხელსაყრელ მომენტს, როდესაც ის შეწყალებით უფრო მეტს გამოივაჭრებს საქართველოსთვის. ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის სავაჭრო ობიექტი, ეს არ შეიძლება ასე და მიკვირს, ოპოზიციიდან რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა ამაზე მსგავსი სახის კომენტარი, რა გამოდის, ტყვეებით ვაჭრობაა, როდესაც ადამიანის თავისუფლებაა ერთ მხარეს და მეორე მხარეს რაც უნდა მიზანს ემსახურებოდეს ხელსაყრელი მომენტის მოძებნა, რომ შეიწყალო არ მგონია, რომ იყოს სწორი მიდგომა და არ მგონია, რომ პრეზიდენტი ასე უყურებდეს ამ საკითხს, ვინაიდან გამოდის, რომ მას გადაწყვეტილი აქვს შეწყალება, და ეძებს ხელსაყრელ მომენტს, რომელიც შეიძლება დადგეს, ან არ დადგეს.. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ასე არ უყურებს ადამიანებს და ინდივიდებს მათი ციხეში ყოფნა არ ყოფნის საკითხს, რომ ადამიანის თავისუფლება იცვლებოდეს რაც არ უნდა მიზანზე იყოს, ამიტომ მე ამ განმარტებებს და ინტერპრეტაციებს, რომელიც მოვისმინე ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლებისგან კატეგორიულად გამოვრიცხავ საქართველოს პრეზიდენტს არ მგონია ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს" - ამბობს შალვა პაპუაშვილი