
ლოგიკურია და ფაქტია, რომ დამოკიდებულება და განწყობა ადამიანების "ქართული ოცნებისადმი" გამოიხატება "ქართული ოცნების" მიერ გატარებული პოლიტიკით - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პარტიებს შორის შემოწირულობებით "ქართული ოცნების" ლიდერობას "ოცნების" მიერ განხორციელებულ პოლიტიკას უკავშირებს.
"ქართული ოცნება" ატარებს პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს მედია პლურალიზმს, ბიზნესის თავისუფლებას, ეკონომიკურ აქტივობას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანს, ადამიანის უფლებების დაცვას, სწორედ ამ პოლიტიკიდან გამომდინარე იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას, ვის დაუჭირონ მხარი, ვისთვის განახორციელონ შემოწირულობა, - აცხადებს ოხანაშვილი.
შეგახსნებთ, რომ დღეს, 5 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის პირველ 6 თვეში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობების სახით 7 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.
აქედან, შემოწირულობების უდიდესი ნაწილი - 67% "ქართულ ოცნებას" აქვს მიღებული, რაც ჯამში 4 720 251 ლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა პოლიტიკური მოძრაობა "ლელო" - 21%, 1 494 915 ლარით.
დანარჩენი პარტიების პოლიტიკური შემოწირულობები მიმდინარე წლის 6 თვეში:
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ნახევარ წელიწადში პოლიტიკური პარტიების ხარჯები 12 მილიონ ლარს აჭარბებს და მათ შორის, რეკლამისთვის 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით, საქართველოში 263 რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელთაგან 68 - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდა. 2020 წელს სულ 13 ახალი პოლიტიკური სუბიექტის რეგისტრაცია განხორციელდა.