
NATO მზად არის, კოსოვოში დამატებითი რაოდენობის ჯარისკაცი გაგზავნოს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ეს გადაწყვეტილება მერის არჩევნებისას გამოწვეულ დაძაბულობას უკავშირდება.
როგორც NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, NATO-მ ბოლო პერიოდში 700 სამხედრო უკვე გაგზავნა, თუმცა დამატებითი ძალები შეიძლება კიდევ გახდეს საჭირო. საერთო ჯამში დაძაბულ რეგიონში ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს 4 ათასზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს.
კონფლიქტის ზონაში არეულობა მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მერის არჩევნები ჩატარდა.
სერბებმა ჩრდილოეთ კოსოვოს ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
მიმდინარე შეტაკებების დროს NATO-ს 30-მდე სამშვიდობო და 50-ამდე სერბი მომიტინგე დაშავდა.
ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მხარს უჭერდა კოსოვოს სერბეთისგან დამოუკიდებლობას, კოსოვო ეთნიკურად ალბანელი მერის დანიშვნისთვის გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გააფორმა, თუმცა სერბეთი ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ აღიარებს.