ერთადერთი ძალა, ვინც გააკეთა მაქსიმუმი და რეალური შედეგები მოუტანა ხალხს, ვართ ჩვენ - ღარიბაშვილი ნატოსა და EU-ზე

გამოქვეყნდა:

არგუმენტი არ არსებობს, მე ამას ვეტყოდი ყველა კრიტიკოსს, მათ შორის, იმ დაქირავებულ ლობისტებს, რომელთაც ძალიან დიდი რაოდენობით თანხა აქვთ აღებული სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც და შემდეგაც, ახლა, ჩვენ კარგად ვიცით, მათ შორის, ბოლო პერიოდში, ვიტყოდი, რომ მილიონები დახარჯეს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანების კამპანიაში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა

ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა მილიონობით დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია დაეზიანებინათ. 

„მე ამის ახსნა დამჭირდა ძალიან ბევრჯერ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რომ სააკაშვილს თურმე არ ვაწამებთ, არ მოვწამლეთ და ა.შ. ამ ყველა ბრალდებასა და ცილისწამებაზე ძალიან მარტივი და ამავდროულად, ძალიან ძლიერი პასუხი გაეცა სტრასბურგის გადაწყვეტილების შედეგად. მთელი ეს ბინძური კამპანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოეს, ჩვენი ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად, ჩამოირეცხა ამ ერთი ძალიან სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილებით. სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა არის მართალი და სააკაშვილის არის მტყუანი. ყველა ის ბინძური  ცილისწამება, რომელიც მომდინარეობდა ნიაღვრის სახით მთელს მსოფლიოში, თქვენ კარგად იცით, რომ მთელს მსოფლიოს მოსდეს ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ თითქოს მოვწამლეთ, მოვკალით, ვაწამეთ და ა.შ. აღმოჩნდა, რომ არაფერი არ ხდება. 

რატომ მოვუარე შორიდან და რატომ გიპასუხეთ ასე. როგორც უარგუმენტო და უსაფუძვლო იყო მთელი ეს კრიტიკა და ბრალდებები, ასეთივე უსაფუძვლო არის მათი განცხადებები ნატოსთან დაკავშირებით, ჩვენი თითქოს სურვილის შესახებ, რომ ჩვენ აღარ გვინდა არც ნატო, არც ევროკავშირი. ამ დროს, ყველაზე მეტი და ერთადერთი ძალა, ვინც გააკეთა მაქსიმუმი და რეალური შედეგები მოუტანა ჩვენს ხალხს, ვართ ჩვენ. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა და ნატოს სამხედრო ერთობლივი ბაზა, რომელიც მე გავხსენი ბატონ სტოლტენბერგთან ერთად. ეს არის შედეგები, მეგობრებო. ჩვენ შედეგებით უნდა გავაკეთოთ დასკვნები და არა იმ ყალბ ნარატივზე, რომელზეც ყოველთვის ჩვენი  ოპონენტები აპელირებენ“, -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი