
შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის დამყარება კანონით დაისჯება. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი აღნიშნულ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ შესაძლოა ქალებმა ეს რეგულაცია ბოროტად გამოიყენონ.
გამწარებულმა ცოლმა შეიძლება იჩივლოს, რომ ქმარმა მასთან ერთი წლის წინ, გამოკვეთილი თანხმობის გარეშე ვალენტინობა ღამეს დაამყარა ასეთი კავშირი. შედეგად ქმარი გაუდგება ციხის რომანტიულ გზას და საჩივრის უკან წაღებაც ვერ უშველის რადგან ეს დანაშაული სახელმწიფო ბრალდების სფეროა და არა კერძო. ციხეები გადაივსება კაცი პატიმრებით... ისედაც დაცლილ ქვეყანას, დემოგრაფიულ კატასტროფებს, ოჯახების ტრაგიკულ დანგრევებს უპირისპირებთ იმას, რომ კაცებს თავისი ეროვნული ფუნქციის შესრულებისთვის საწოლში სისხლის სამართლის კოდექსს უდებთ? - წერს ნათელაშვილი საკუთარ Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს წარსულშიც გაუკეთებია ქალების მიმართ დისკრიმინაციული განცხადებები. მაგალითად, გასულ თვეში, გადაცემა "დღის სტუმარში" მან პარლამენტში გენდერული კვორიტების საკითხი საკმაოდ ირონიულად შეაფასა.