
რუსებმა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილში რუსული პასპორტის აღების ვადა დააწესეს. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო, უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციამ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის ასაღებად უკრაინის პასპორტზე სავალდებულო წერილობითი უარის თქმის ბოლო ვადად დააწესა მიმდინარე წლის 1 სექტემბერი", - ამბობს გენშტაბი.
წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეებს ელექტროენერგიის გათიშვით, დეპორაციით, ქონების ჩამორთმევითა და იძულებით გამოსახლებით ემუქრებიან.
გენშტაბის ცნობით, ადგილობრივი ენერგეტიკული კომპანიები აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი კონტრაქტების სავალდებულო ხელახალი ხელმოწერა მხოლოდ რუსული პასპორტით ხდება.