უნგრეთის ვიცე-პრემიერს საპატრიარქოში შეხვედრა ჰქონდა: სამი მთავარი ფასეულობა გვაქვს, ღმერთი, სამშობლო, ოჯახი

გამოქვეყნდა:

დღეს, 2 ივნისს უნგრეთის ვიცე-პრემიერი, ჟოლტ შემიენი მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდა. პრესსამსახურის ცნობით, უნგრეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა უძველესი ქრისტიანული კულტურის მქონე ქვეყანაში სტუმრობა და მეტად მნიშვნელოვანია შეხვედრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებთან.

"უნგრეთში გვაქვს სამი მთავარი ფასეულობა: ღმერთი, სამშობლო, ოჯახი. ამ ღირებულებების ირგვლივ არის გაერთიანებული ჩვენი ხალხი", - თქვა საპატრიარქოს ცნობით, უნგრეთის ვიცე-პრემიერმა.

პრესსმასახურის ცნობით, შემიენის თქმით, უნგრეთიც, საქართველოს მსგავსად, ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული ქვეყანაა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს ქრისტიანულ ფასეულობებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებას.

"ბატონმა ჟოლტ შემიენმა ბრძანა ისიც, რომ საქართველოს სჭირდება ევროპა და ევროპას სჭირდება საქართველო, ამასთან დაცული და შენარჩუნებელი უნდა იყოს ქვეყნის კულტურა და ტრადიციები. მან მწუხარება გამოთქვა გასულ წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მიცემის გამო, თუმცა იმედოვნებს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და თავისი ქვეყნისა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოგვიცხადა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი ანა მარია შიკო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალცხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი