ქართული ავიაცია რუსეთს უახლოვდება - მოსალოდნელი სანქციები ავიაკომპანიებისთვის

გამოქვეყნდა:

ქართული ავიაცია კიდევ უფრო უახლოვდება რუსეთს. დასავლური მედია აქტიურად წერს ქუთაისის აეროპორტის და მისი მომავლის შესახებ. სოჭიდან რუსული "რედ ვინგსის" რეისების დანიშვნის შემდეგ ევროპელი ანალიტიკოსები მსჯელობენ რუსების გეგმაზე გამოიყენონ საქართველოს ეს აეროპორტი ევროპაში ტრანზიტისთვის. საქართველოს ხელისუფლებას რაიმე სახის ოფიციალური დამოკიდებულება ჯერ არ გამოუთქვამს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ქუთაისი, ან სხვა აეროპორტები რუსი მგზავრებისთვის სატრანზიტო პუნქტი გახდა, არ არის გამორიცხული საქართველოს კონკრეტული სანქციები დაემუქროს.

შეგახსენებთ, სწორედ მოსკოვში ფრენების გამო ,,საქართველოს ავიახაზები'' სანქციების პირდაპირი სამიზნეა. ქართული ავიაკომპანია უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს სიაში მოხვდა. 

სანქციების პორტალზე მითითებულია, რომ ის დასასანქცირებელ კომპანიათა შორისაა. საერთაშორისო სანქციებთან სინქრონიზაციის მიზნით, ოფიციალური კიევი შავ სიაში შეყვანილი კომპანიებისა და კონკრეტული პირების, დასავლელი პარტნიორებისთვის მიწოდებას გეგმავს.

დასასანქცირებულთა სიაში მოხვდა "საქართველოს ავიახაზების" პრეზიდენტი  თამაზ გაიაშვილი და მისი ძმა დავით გაიაშვილები, რომელიც ავიაკომპანიის 80%-ის მფლობელია. უკრაინის სანქციების პორტალზე კიდევ ერთი ქართული კომპანია ,,აერო ჰენდლინგ ჯორჯიაც'' იძებნება. აქვე წერია, რომ ის მომსახურებას უწევს უკრაინის მიერ დასანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს. ასევე მითითებულია, რომ ,,აერო ჰენდლინგ ჯორჯია'' და  ,,საქართველოს ავიახაზები'' ერთმანეთთან დაკავშირებული არიან. ყურადღება გამახვილებულია კიდევ ერთ დეტალზე. პორტალზე წერია, ,,აერო ჰენდლინგ ჯორჯიას'' ერთ-ერთი მფლობელი დავით კვარაცხელია პრორუსული ქართველი მოღვაწის, საქართველო-რუსული მეგობრობის ცენტრის ხელმძღვანელის, პარტია ნეიტრალური საქართველოს ხელმძღვანელი ვალერი კვარაცხელიას ვაჟია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი