"ლონდონის ბაღში" მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე ბრალდებულ ბაჩანა ციცქიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულის ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ სისხლიან ინციდენტში ბაჩანა ციცქიშვილი არ მონაწილეობდა, თუმცა საქმე თავის თავზე აიღო, რადგან ის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია.
სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა 55 დღიანი. პროკურორმა ვერ წარმოადგინა არგუმენტები, რატომ უნდა შეფარდებოდა მას პატიმრობა. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა პიროვნებამ დღეს სასამართლოში, ისე მეც განმიცხადა, რომ ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა მიიღო ყველა იმ პოლიციელისგან, რომლებიც იმყოფებოდნენ ჩხრეკაში. ეს არის საფუძველი იმის, რომ პროკურატურამ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, - ამბობს დაკავებულის ადვოკატი ცოტნე ტყებუჩავა.
ასევე, "მთავარს" წყარო უყვება, რომ საქმეში არასრულწლოვანი ძიუდოისტი ფიგურირებს, თუმცა გამოძიებას ჯერჯერობით ამ მომენტზე რეაგირება არ მოუხდენია.
ინციდენტი 3 აგვისტოს, ლონდონის ბაღში მოხდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდები - საბა გაბედავა და ნიკა ჩაჩუა მეგობრები არიან. ისინი დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათივე კლასელები შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სწორედ მათთან მოუვიდათ, თუმცა რა გახდა მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ორივე დაშავებულს ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ. საქმეზე გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობას განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.