"დროას" წევრი, შუშანა მაცაბერიძე წერს, რომ ზუგდიდის ოფისის აივნიდან გადმოფენილი ბანერი, წარწერით "ირაყლი" პოლიციამ მოიპარა.
"დროას ზუგდიდის ოფისის აივნიდან გადმოფენილი ბანერი, წარწერით “ირაყლი” პოლიციამ მოიპარა, ამწეკრანი მიიყვანეს, აძვრნენ, ჩამოხსნეს ბანერი და მოიპარეს.
ამწეკრანით აივნებზე ბოდიალიღა იყო დარჩენილო და ეგეც ქნეს",- წერს მაცაბერიძე.
2 ივნისს, პარლამენტთან დაკავებულების მხარდასაჭერად "დროამ" ზუგდიდის ოფისის აივანზე ბანერი წარწერით "ირაყლი" გადმოფინა.
პარლამენტთან გამართულ აქციაზე ბანერების გამო 8 ადამიანი დააკავეს. მოქალაქეები ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებსა და პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შინაარსის წარწერებით ბანერები ჰქონდათ მიტანილი, ზოგ მათგანს კი ხელში ცარიელი ფურცლები ეჭირა.
დღეს 21:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება ლოზუნგით, "დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!"