ცარიელი ფურცლებით და უწყინარი ბანერებით ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს ამავე ქვეყნის პოლიცია გამორჩეული აგრესიით და ცინიზმით აკავებს. თავხედურად იტაცებს, წიხლებით მანქანაში ტენის და იზოლატორში მიათრევს. მერე რა, რომ ამ მოქალაქეებს არაფერი დაუშავებიათ. მერე რა, რომ კანონი და კონსტიტუცია ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს აძლევს უფლებას, გამოვიდეს ქუჩაში, გააპროტესტოს მისი ხელისუფლების კაპიტულანტური და მოღალატეობრივი ქმედებები და თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი.
ამ ყველაფერს, ღირსებას, კანონს, ჰუმანიზმის - კანონის დამცველის ფორმებში გამოწყობილი მოძალადეები ამ დღეების განმავლობაში არაფრად დაგიდევენ. ყოველთვის, როცა პოლიციელის კრიტიკას ეხება საქმე, მე ზედმეტად თავშეკავებული ვარ ხოლმე. იმიტომ, რომ პოლიციელის პროფესიული ტვირთი იმდენად მძიმე და სტრესულია, რომ შეცდომის თუ გადაცდომის რისკებს ერთი ორად ზრდის.
მაგრამ რასაც ორი დღეა ვუყურებთ, ეს აღარც ვინმეს შეცდომაა, აღარც გადაცდომა და არც პოლიციელის მოვალეობასთან აქვს საერთო არაფერი. ეს არის შენივე ქვეყნის მოქალაქეებზე დაგეშილი ძალადობა, ცინიკური, დამამცირებელი და მიზანმიმართული.
ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანა ოკუპანტ რუსეთს ჩააბარა, რომელმაც საკუთარი მოსახლეობის ერთი ნაწილი ომით დააშინა და დააკომპლექსა, ახლა ცდილობს მოსახლოების დარჩენილი ნაწილი ამგვარი ძალადობით დააშინოს და გააჩუმოს.
ის, რომ საქართველოს ხელისუფლების არჩევანი რუსეთი და რუსული დიქტატურაა - სამართალდამცველების მეთოდებშიც გამოჩნდა. სხვათაშორის, დღეს რუსი ოპოზიციონერის - ნავალნის დაბადების დღეა. რუსეთშიც ისეთივე ცინიმით დააკავეს და გაიტაცეს ადამიანები, როგორც თბილისში. ერთადერთი განსხვავება იყო, რუსეთში გამოსულ ადამიანებს სუფთა ფურცლის მაგივრად გასაბერი ბუშტები ეჭირათ.
მოქალაქეების ერთი ნაწილი ახლაც რუსთაველზე დგას. ნიშანდობლივია, რომ ახალგაზრდების ჯგუფი, ვისაც უსამართლო სამართალდამცველები ასეთი ცინიზმით გაუსწორდნენ, საკუთარ თავს ჯიუტს უწოდებენ. რომლებიც ერთი წელია პარლამენტთან იკრიბებიან და რუსულ ხელისუფლებას აპროტესტებენ. მათზე ძალადობა სისტემამ სწორედ იმის გამო გაბედა, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ბევრნი არ იყვნენ. ახლა ან ყველა ჯიუტები გავხდებით და ჩვენი ქვეყნის მომავალს, ღირსებას და თავისუფლებას ერთად და ბოლომდე დავიცავთ, ან არადა, საქართველოსგან მხოლოდ სახელი დარჩება, და ისიც არა რუკაზე, არამედ ისტორიის წიგნებში.
ეს ქვეყანა კი ლავროვის, კადიროვის, პრიგოჟინის ან კოლექტიური რუსის რესტორანად და სასტუმროდ გადაიქცევა. დროის გასატარებელ პუნქტად, მეტი არც არაფერი. ამისი ერთი ნიშანია ჩეჩნეთიდან გადმოსული ავტოკოლონაც, რომელიც იქაურ კრიმინალურ ავტორიტეტს ეკუთვნის და რომელიც სავარუდოდ შეიარაღებული დაცვით საქართველოში შავ ბნელი საქმეების დასალაგებლად იყო გადმოსული.