
სულ რაღაც ერთი კვირის წინ სერგეი ლავროვის სანქცირებული ქალიშვილი საქართველოში მოგზაურობდა, ერთი კვირის შემდეგ მთლად კადიროველები დარბიან საქმეების დასალაგებლად, უზარმაზარი ესკორტით. ვერც ერთს და ვერც მეორეს სასაზღვრო პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური და საპატრულო სასმახური ვერ და არ ხედავენ.
რეალურად საით მიაქანებს ქვეყანას "ქართული ოცნება" - საკუთარ განზრახვას დღეს უკვე აღარ მალავს ხელისუფლება. საქართველოს პრემიერი უკრაინაში ომის დაწყებას აბრალებს NATO-ს, ისევე როგორც პუტინი, უპასუხისმგებლოს ეძახის და უკრაინის განადგურებას აბრალებს ზელენსკს, ისევე როგორც ამას პუტინი ამბობს, და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოსთვის NATO-სა და ევროკავშირის კარები სამუდამოდ დაუხუროს, ისევე როგორც პუტინი აკეთებს ამას უკვე წლების განმავლობაში.
ასე თვალსა და ხელს შუა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალა - დაუპირისპირდა NATO-სა და ევროკავშირს და პირი ჩრდილოეთისკენ შეატრიალა. ეს ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა და ხალხის ნების წინააღმდეგ გალაშქრებაა.
თუმცა ქვეყნის დისტანცირება მეგობრებისა და მოკავშირეებისგან არც დღეს დაწყებულა და არც უკრაინაში პუტინის შეჭრით. ამას "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან მიზანმიმართულად აკეთებდა, და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ იქიდან იღებს სათავეს, როცა ივანიშვილმა მის კოალიციურ მოკავშირეებს NATO-ს ხსენებაც აუკრძალა.