"ქართული ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვას განაგრძობს - კარტოფილისა და ხახვის შემდეგ, ამჯერად ოლიგარქის ქვეშევრდომებმა მოსახლეობა კიტრით, პომიდვრითა და მწვანილით დაასაჩუქრეს.
შემთხვევა 5 აგვისტოს, ქობულეთში მოხდა. ინფორმაცია ადგილობრივმა ბონდო თედორაძემ Facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა, რის შემდეგაც ეს ფაქტი აჭარის "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა დაგვიდასტურეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი გვიყვება, რომ კორონაპანდემიის დროს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბოსტნეულის სათბური დააფინანსა. მისი თქმით, სწორედ "იქ მოწეულ მოსავალს ანაწილებდნენ "ქართული ოცნების" აქტივისტები მათივე პარტიის სახელით. ეუბნებოდნენ, "ოცნების" საჩუქარია მოსახლეობისთვისო".
ბაგრატიონის თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არჩევნების თარიღი არ გამოცხადებულა და ეს ფაქტი კანონით ვერ დაისჯება, წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე რეაგირება აუცილებლად ექნებათ.
"ევროპული საქართველოშიც" ამბობენ, რომ ამომრჩეველი მოისყიდეს, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. "უნდა დასრულდეს ასეთი რაღაცები მოსყიდვა არის აკრძალული წესით და კანონით," - გვითხრა პარტიის წევრმა რეზი ჯალაღანიამ.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ქართული ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. 2019 წელს პარტიამ მარნეულში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს 3 ლიტრი ზეთი, 1 კილოგრამი ბრინჯი და კანფეტები აჩუქა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი ხელისუფლებამ ადგილობრივებს ხახვი და კარტოფილი დაურიგა.