
რესტორანი "რეტრო", რომლის მფლობელმაც მიმტანზე ფიზიკურად იძალადა, 15-მა თანამშრომელმა დატოვა.
ფიზიკური ძალადობის მსხვერპლის, თემო მგზავრიძის განცხადებით, რესტორნის მფლობელი პრივილეგირებულ მდგომარეობაში რუსეთის მოქალაქეებს აყენებდა, რაზეც მათ პროტესტი გამოთქვეს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.
"რაც მოხდა და რაც იყო ყველაფერი მოვუყევი. რაც ვიდეოში ჩანს, იქიდან ამოიღეს ყველაფერი. უშუალოდ ჩემს მიმართ არ იყო, მაგრამ ბევრი ადამიანის მიმართ იყო. გარეთ წამოიწია ჩემკენ, მაგრამ შემდეგ გაგვაშველეს. იმიტომ დაგვიპირისპირდა, რომ უფრო სწორედ პროტესტი გამოვთქვით ჩვენ, რომ ჩვენზე მაღლა აყენებდა რუსებს," - ამბობს მიმტანი.
რესტორნის სხვა თანამშრომლები ამბობენ, რომ რესტორნის ხელმძღვანელის მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები ადრეც ყოფილა და ამის გამო სამსახური არაერთმა თანამშრომელმა დატოვა.
ამ დროისთვის სახაჭაპურე "რეტრო" დაკეტილია, ადგილზე შრომის ინსპექციის თანამშრომლები იმყოფებიან. მიმდინარეობს მოკვლევა, იქნა თუ არა დარღვეული შრომითი უფლებები. რესტორნის წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე