"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის 2 ოლქში - საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენაზე ფიქრობს. ოღონდ ერთი დათქმით - თუ ხელისუფლების ოპონენტები საერთო კანდიდატზე შეთანხმებას ამ ორ საკვანძო ოლქში ვერ შეძლებენ. არგუმენტებიც აქვთ - "ოცნებას" თავისუფალი ველი არ უნდა დარჩეს და პროპროციულ ნაწილში კანდიდატმა პარტიისთვის ხმების მობილიზება უნდა უზრუნველყოს.
თითქმის იგივე არგუმენტებით, იგივე პოზიცია აქვთ "ევროპულ საქართველოშიც". ამბობენ, რომ შანსი შეთანხმებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ჯერ კიდევ არსებობს. მუშაობენ ალტერნატიულ ვერსიაზე და სავარაუდო კანდიდატების შერჩევაც დაწყებული აქვთ. არ არის გამორიცხული, "ევროპულმა საქართველოს" საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი მელაძე დაასახელოს. თუმცა პარტიის შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს.
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ დაწყებულა, მაგრამ საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატების ყველაზე მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი არჩევანი უკვე არის. ამ ოლქიდან დეპუტატობა "ოცნებიდან" დავით სერგეენკოს, ოპოზიციიდან კი ლევან გოგიჩაიშვილს, ბადრი ჯაფარიძეს, თაკო ჩარკვიანს და ალეკო ელისაშვილს სურთ. ის ვინც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მოლაპარაკებების აქტიური მონაწილეები იყვნენ, ამბობენ რომ ოპოზიციის საერთო კანდიდატებით გამოსვლა ამ ორ ოლქშიც კარგი იქნებოდა, მაგრამ თუ შეთანხმება ვერ მოხერხდება, პრობლემას ვერც დამოუკიდებლად გამოსვლაში ხედავენ.
კონკურენცია ჯერჯერობით არც ისე დიდია დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. რადგან იქ ოფიციალურად ჯერ მხოლოდ 2 კანდიდატი იბრძვის. ჩუღურეთელების მაჟორიტარობა "ოცნებიდან" გია ვოლსკისა და მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელ ანა დოლიძეს სურთ. მალე მათ სავარაუდოდ "ლელოდან", კანდიდატის სტატუსით, დავით უსუფაშვილი შეურთდება. ანა დოლიძე ამბობს, რომ ის ოლქში უკონკურენტოა. უფრო თავდაჯერებული იყო გია ვოლსკი.
როგორი იქნება ოპოზიციის გადანაწილება თბილისის ამ ორ ოლქში, რამდენიმე დღეში გაირკვევა. რადგან მაჟორიტარობის კანდიდატებმა ამომრჩეველთან შეხვედრები ოფიციალურ კამპანიაზე ბევრად უფრო ადრე უნდა დაიწყონ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.
"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთა: