
საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეებისთვიის მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. მისი თქმით, მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება განაცხადის გაკეთებამდე მოუწევს.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელა.
''დღეს საქართველოს მთავრობამ პრემიერის დავალების შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელა, საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარებაზე.
სწორედ, ამიტომ ჩვენი მხრივ გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რომ მაქსიმალურად და გონივრულ ფარგლებში სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს პროცედურები შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გაუმარტივდეთ.
სწორედ ამ მიზნით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე მოუწევს და არა დამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დრო და რესურსი დაიზოგება“ - ამბობს ბრეგაძე.
ბრეგაძის თქმით, მოქალაქეს არადამკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში, განაცხადის ხელმეორედ შეტანის უფლება ერთი წლის ნაცვლად, 6 თვემდე შემცირებულ ვადაში ექნება.
როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, ეს ცვლილება საერთაშორისო ვალდებულებებს უკავშირდება. კერძოდ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც მოქალაქეობის არ მქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების დადგენილი 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება.