
პარალამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე მოიხსნას მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციები.
მისი თქმით, არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ადამიანზე თავდასხმა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მოსამართლეს ეხება.
"მოვუწოდებ, ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას, ვინაიდან არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ადამიანზე შეტევა, თავდასხმა. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეს. გაიხსენეთ ყველა ე.წ. მაღალი მნიშვნელობის საქმე, სააკაშვილის საკითხი, "რუსთავი 2"-ის საკითხი თუ ა.შ. დისკრედიტირება ხდებოდა სასამართლოსი და შემდეგ გაიხსენეთ, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი სტრასბურგში, ასე დასრულდება ყველა საქმე, ვინაიდან ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ანგაჟირება და მცდელობა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირების.
ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ტესტი გაიარა ღირსეულად და აბსოლუტურად ყველა საკითხზე, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს ის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ყველა საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო დონეზე დადასტურდა, რომ ეს იყო მანიპულაცია, დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანია" - თქვა პაპუაშვილმა [ინტერპრესსნიუსი]
შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ქართველი მოსამართლეს: მიხელ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე დაასანქცირა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, პარალელურად, აშშ-ში შესვლა მათი ოჯახის წევრებსაც აეკრძალათ.