
ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარის, მარკეტა პერაკოვა ადამოვას განცხადებით, საქართველოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის დახმარება პოზიტიური სიგნალი იქნება. ამის შესახებ მან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას.
მისივე თქმით, ისინი მზად არიან საქართველოს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაში დაეხმარონ, თუმცა სამუშაოები თავად საქართველოს მიერ არის შესასრულებელი.
“საქართველოს მოქალაქეებზე და მის ლიდერებზეა დამოკიდებული განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი. ჩვენი ქვეყანა ძალზე ღიაა, ევროკავშირში ინტეგრაციას დიდი შრომა სჭირდება და კომპლექსური რეფორმები, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს და ეს უნდა მოხდეს მთელი ქვეყნის მიერ, საერთო სულისკვეთებით, როგორც პოლიტიკურმა ძალებმა, ასევე სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშაონ ამის განხორციელებისთვის. ეს არის არის მხოლოდ ერთი მხარის ექსკლუზიური სფერო. ჩეხეთის რესპუბლიკას გავლილი აქვს ეს პროცესი. ეს არ არის მარტივი.
საქართველომ უნდა შეასრულოს 12 პუნქტი, რომელიც გამოყო ევროკომისიამ. ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ სამუშაო საქართველოს მიერაა შესასრულებელი და მზაობა უნდა იყოს. ჩვენ ქვეყნებს ყველას გვქონდა პრობლემები, გაწევრიანების გზაზე პრობლემები და სირთულეები, საქართველო არ არის გამონაკლისი, მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობით იმუშაოთ და ნდობის შესაქმნელად იყოს ზომები. სააკაშვილის დახმარება ეს იქნება ამ მხრივ პოზიტიური სიგნალი და ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ ამ საკითხზე. მე ოპტიმისტური ვარ და საქართველოს მხარს ვუჭერ მის სამომავლო გზაზე”, - განაცხადა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ [პარლამენტის სინქრონული თარგმანი].
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან სლოვაკეთის, ჩეხეთისა და ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეები. ოფიციალური ვიზიტით ფარგლებში ისინი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდნენ.