ღარიბაშვილი ავსტრიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ვოლფგანგ სობოტკას, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკეტა პერაკოვა ადამოვას და  სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ბორის კოლარს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკებს შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობის ფართო სპექტრი მიმოიხილეს. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების ხელშეწყობის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ "სლავკოვის ფორმატის" ფარგლებში აღნიშნული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები საქართველოს ეწვივნენ, რაც მათი მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე.

ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია და ქვეყანა ინკლუზიურად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ ასრულებს 12 პრიორიტეტს. ითქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორად და უსაფრთხოების მოკავშირედ.

პრემიერმინისტრის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც თავისთავად შეამცირებს პოლარიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა ავსტრიის, ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკების პარლამენტის თავმჯდომარეებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა მათი წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან ესწრებოდნენ ავსტრიის, ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკების დელეგაციების წევრები და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, ხოლო საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი