
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოლდოვაში, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას ხელი არ ჩამოართვა, 45 ლიდერი იმყოფებოდა და მათგან მხოლოდ "ხუთმა ან ექვსმა ნახა ზელენსკი".
მისივე თქმით, იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა და ზელენსკისთან "რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად".
"ძალიან მარტივად იყო საუბარი. თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი რაც ხდება მედიაში და დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი არ ხდებოდა იქ განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება 5-მა ან 6-მა ნახა ზელენსკი, 10-მა მაქსიმუმ და ეს იყო, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად," - ამბობს პრემიერი.
კითხვაზე, თუ რას იზამდა გასაუბრების შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ "ჩვეულებრივად მიესალმებოდა". მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინას უსურვებს ომის დასრულებას, ტერიტორიის განვითარებასა და მშვიდობას, თუმცა ომში გამარჯვება კვლავ არ უხსენებია.
შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის დედაქალაქში, კიშინოვში ევროპის პოლიტიკურ ფორუმზე იმყოფებოდა. როგორც იქიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, ვოლოდიმირ ზელენსკი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს არ შეხვედრიან.