
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თქმით, კახოვკას ჰესის აფეთქების შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაგრილებისთვის საჭირო წყლის დონე ეცემა, მაგრამ არსებობს ალტერნატიული რეზერვუარები. გროსი იმედოვნებს, რომ ეს რეზერვუარები საკმარისი იქნება რამდენიმე თვე, ატომური ელექტროსადგურის გასაგრილებლად.
სწორედ კახოვკას კაშხლიდან ხდებოდა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რეაქტორების გაგრილება. რუსების მიერ, დღეს მისი აფეთქების შემდეგ კი არსებობს საშიშროება, რომ გაგრილების სისტემები დაზიანდება წყლის დონის დაცემის გამო.
„ჩვენი ამჟამინდელი შეფასებით, ქარხნის უსაფრთხოებაზე უშუალო საფრთხე არ არსებობს“, - ამბობს გროსი.
მისი თქმით, IAEA-ს თანამშრომლებს აცნობეს, რომ კახოვკას კაშხლის დაზიანება ამჟამად იწვევს წყალსაცავის სიღრმის შემცირებას დაახლოებით 5 სმ/სთ-ით.
დილის 8 საათზე წყალსაცავში წყალი დაახლოებით 16,4 მეტრზე იყო, ხოლო თუ დონე 12,7 მ-ზე დაბლა დაეცემა, მაშინ წყალსაცავიდან წყლის ამოტუმბვა ზაპოროჟიეს სადგურისთვის შეუძლებელი გახდება.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, IAEA-ს ხელმძღვანელი ზაპოროჟიეს სადგურში ჩასვლას გეგმავს.
შეგახსენებთ, ატომურ სადგურს ამჟამად ოკუპანტები აკონტროლებენ.
რუსებმა დღეს, 6 ივნისს ნოვა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. დატბორვა ემუქრება მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებებს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომაზე სარისკო უბნებიდან ევაკუაციის, ასევე ყველა სოფლისა და ქალაქის წყლით უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.