
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, უახლოეს დღეებში აშშ უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს.
როგორც კირბიმ აღნიშნა, ნოვა კახოვკაში კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით აშშ უკრაინასთან აქტიურად თანამშრომლობს.
"მოვისმინეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებაში რუსეთის პასუხისმგებლობაა, ეს ტერიტორია კი, შეგახსენებთ, უკანონოდ იქნა რუსეთის მიერ დაპყრობილი გასულ წელს და მას შემდეგ ოკუპირებულია. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ეს ცნობები შევაფასოთ და უკრაინელებთან ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შევაგროვოთ. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, ზუსტად რა მოხდა, თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ უახლოეს დღეებსა და კვირებში უსაფრთხოების სფეროში დახმარების დამატებით პაკეტებს ნახავთ. კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინამ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა შეძლოს", - თქვა კირბიმ.
ცნობისთვის, 6 ივნისის დილას ცნობილი გახდა, რომ რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. დატბორვის რისკის წინაშე არსებული დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გუშინ დაიწყო და დღესაც გაგრძელდება. რუსეთი, ტრადიციულად, ბრალდებებს უარყოფს და უკრაინას დივერსიაში ადანაშაულებს.