
უკრაინის ეკონომიკის მინისტრის, იულია სვირიდენკოს განცხადებით, კახოვკაში ახალი ჰესის მშენებლობა შესაძლოა 1 მილიარდი დოლარი დაჯდეს. საუბარია არა მხოლოდ ახალი ჰიდრავლიკური აგრეგატების დამონტაჟებაზე, არამედ უზარმაზარი კაშხლის მთლიანობის აღდგენაზე.
მისი თქმით, რუსი ოკუპანტების მიერ, კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებას შეიძლება ეწოდოს ევროპაში ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოგენური კატასტროფა. მინისტრის თქმით, ჰესის აფეთქებას ეკოლოგიური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება, ასევე დიდ საფრთხეს შეუქმნის რადიაციულ და სასურსათო უსაფრთხოებას.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, რომ ტერორისტული სახელმწიფოა.
"მხოლოდ კაშხლის აღდგენას მინიმუმ ხუთი წელი დასჭირდება. და აფეთქების ჰუმანიტარული და გარემოსდაცვითი შედეგების კუმულაციური ეფექტი მხოლოდ გაიზრდება“, - განაცხადა სვირიდენკომ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, აუცილებელია ახალი ჰიდროელექტროსადგურის კომპლექსის დემონტაჟი და მშენებლობის ნულიდან დაწყება.
შეგახსენებთ, კახოვკას ჰესის კაშხალი რუსეთმა 6 ივნისს ააფეთქა. კრემლი ტრადიციულად უარყოფს და მომხდარს უკრაინას აბრალებს, თუმცა ოფიციალური კიევიც და მსოფლიო საზოგადოებაც სწორედ რუსეთის კვალს ხედავს ერთ-ერთი უდიდესი ჰესის დანგრევაში. გარდა ამისა, კახოვკა დროებით ოკუპირებულია და ჰესსაც საოკუპაციო რეჟიმი აკონტროლებდა.