
უკრაინის აგრარული პოლიტიკის სამინისტროს მონაცემებით, რუსი სამხედროების მიერ, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგად, დაიტბორა დაახლოებით 10 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა მარცხენა სანაპიროზე, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია.
სამინისტროს ცნობით, ახლა ხერსონში სარწყავი სისტემების 94%, ზაპოროჟიეში 74% და დნეპროპეტროვსკის რაიონებში 30% წყლის გარეშეა, რამაც შესაძლოა მომავალ წელს, სამხრეთ უკრაინის მინდვრების გაუდაბნოება გამოიწვიოს.
კახოვკას ჰესის განადგურება უარყოფით შედეგებს იქონიებს თევზის მრეწველობაზეც. მთლიანობაში, წინასწარი გათვლებით, ყველა ბიოლოგიური რესურსის დაღუპვის შედეგად მიყენებული ზარალი 10,5 მილიარდ გრივნას აღწევს.
სახეზეა ეკოლოგიური კატასტროფის ნიშნები - აფეთქების შემდეგ დნეპრში 150 ტონა სხვადასხვა საწვავი ჩაიღვარა, არსებობს რისკი კიდევ 300-მა ტონამ გაჟონოს. ეს არის რუსების დატოვებული ნაღმები, რომლებიც საბოლოოდ ზღვაში მოხვდება და საფრთხეს შეუქმნის შავი ზღვის აუზის ქვეყნების სანაპიროებსაც.
უკრაინის პროკურატურამ საქმე ეკოციდის მუხლით უკვე აღძრა. ოფიციალური კიევი რუსული ტერაქტის საკითხის გატანას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველების საბჭოზეც ითხოვს.
კახოვკას ჰესის კაშხალი რუსებმა 6 ივნისს ააფეთქეს.