
თქვენი ქვეყანა ახლა გზაჯვარედინზე დგას ევროინტეგრაციის კუთხით - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობას. მისი თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილი დრო გამოყენებულ იქნას მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაზე და 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ მაქსიმალური პროგრესის მიღწევაზე:
"როგორც ვიცით, ეს საკვანძო მომენტია საქართველოსთვის. თქვენი ქვეყანა ახლა გზაჯვარედინზე დგას ევროინტეგრაციის კუთხით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოს შორის იყოს მაქსიმალურად ინტენსიური. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში, ისევე როგორც ევროპელი ოფიციალური პირების ვიზიტებს საქართველოში. ეს დიალოგი უნდა იყოს მაქსიმალურად ინტენსიური, რათა 27-მა წევრმა ქვეყანამ წლის ბოლოს მიიღოს სწორი გადაწყვეტილება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით.
როგორც იცით, ამჟამად ევროკომისია ადგენს მოხსენებას საქართველოს შესახებ, რაც ისტორიაში პირველად ხდება. ეს მოხსენება გამოქვეყნდება ოქტომბერში და მასში შევა რეკომენდაციები, შემდეგ კი, წლის ბოლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს და გადაწყვეტენ, რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს აპლიკაციის მიმართულებით. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ვთვლი, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილი დრო გამოყენებულ იქნას მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაზე და 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ მაქსიმალური პროგრესის მიღწევაზე." აცხადებს ჰერჩნსკი, რომელიც დღეს აჭარაში იმყოფებოდა.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი