ახალი დაპირიპირება, ახალი ბრალდებები და მუქარა პრეზიდენტის მისამართით. "ქართული ოცნება" სახელმწიფოს მეთაურს ეროვნული ბანკის პარალიზების მცდელობაში ადანაშაულებს. უთანხმოების მიზეზი სალომე ზურაბიშვილის უარი გახდა, წარედგინა ქვეყნის მთავარი ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე ხელისუფლების რჩეული ლაშა ხუციშვილი.
ფინანსთა მოქმედ მინისტრს "ქართული ოცნება" ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის ამზადებს, იმისათვის რომ საბოლოო კონტროლი დაამყაროს მთავარ საფინანსო ინსტიტუტზე. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ ეროვნული ბანკის გარშემო მიმდინარე მოვლენები პოლიტიკური ვაჭრობის ერთ-ერთი თემა გახდა, მმართველმა გუნდმა დღეს პრეზიდენტს დაუანონსა, რომ შეთანხმება აღარ შედგება და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონზე ზურაბიშვილის ვეტო დაძლეული იქნება.