დასავლელი პარტნიორები უკვე დაიღალნენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმის მოსმენით, რომ თითქოს ჩვენ გვსურს "მეორე ფრონტი"- კალიურანდი

გამოქვეყნდა:

ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა იმართება. 

თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი არიან.

​კომიტეტის სხდომის ფარგლებში განიხილავენ საქართველოს მიერ, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს.

ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ახლა აქვს შანსი წაიწიოს წინ ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით და არვინ იცის, ეს ფანჯარა როდის დაიხურება. მისივე თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, პროგრესი არასრულია და ხშირად ზედაპირულია და ქვეყანა ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ბევრ საკვანძო საკითხში. 

"აზრი არა აქვს დამალვას, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლელ პარტნიორებს, განსაკუთრებით კი ევროპარლამენტს შორის ურთიერთობა გასულ წელს იყო საკმაოდ ქარიშხლიანი და ქაოტური. ალბათ გახსოვთ ორი რეზოლუციაც, ერთი მედია თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ, მეორე კი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი დღეს ვიქნებით საკმარისად გულწრფელნი და განვიხილავთ ყველა, მათ შორის ძალიან რთულ საკითხებს. 

ნება მომეცით დავიწყო პოზიტიური ნოტით: IRI-ს მიერ აპრილში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად საქართველოში დაფიქსირდა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რეკორდული რაოდენობა - 89%. სწორედ ამიტომ, საკუთარი ხალხისთვის და არა ჩვენთვის, საქართველოს ხელისუფლებამ ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ყველა მოთხოვნა, რომელიც საჭიროა ქართველი ხალხის სურვილის ასასრულებლად. ახლა არის დრო, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა და ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხანი დარჩება ის ღია. ის შეიძლება მალე დაიხუროს, ამიტომ ეს ისტორიული შანსი გამოყენებულ უნდა იქნას. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა არც თუ სასიამოვნო მომენტებს, თუმცა მანამდე მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ არ ვცდილობთ ვინმეს დამორჩილებას. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც მეგობრები, პარტნიორები და თანასწორები. 

წლების წინ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი იყო. ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტის მიმართულებით არის არასრული და ხშირად ზედაპირული. შედეგად, საქართველო დღეს ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ბევრ საკვანძო საკითხში." აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი მხრიდან მწვავე შეფასება მოჰყვა "ქართული ოცნების" მხრიდან დასავლეთის მუდმივ დადანაშაულებას, თითქოს ვინმეს ქვეყანაში "მეორე ფრონტის გახსნა" სურს:

"მეორე საკითხი ის არის, რომ ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროპული ინსტიტუტებიდან და დასავლელი პარტნიორები უკვე დაღლილები არიან საქართველოს მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმის მოსმენით, რომ თითქოს ჩვენ ვცდილობთ საქართველო ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე დავიყოლიოთ და ომში ჩავითრიოთ. ეს არის კრემლის პროპაგანდისტული ხრიკი და ეს არის ტყუილი. ჩვენ არ გვსურს ომი საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი. " აღნიშნა კალიურანდმა.

ევროპარლამენტარმა ჩამოთვალა, რა პრობლემებია საქართველოში და რატომ ჩამორჩება ქვეყანა რეკომენდაციების შესრულების კუთხით, უკრაინასა და მოლდოვას:

"საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება არა იმიტომ, რომ რუსული ჯარების სოხუმიდან განდევნა ვერ მოახერხა, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სასამართლო საქმეებია და მართლმსაჯულება დამოუკიდებელი არ არის, იმის გამო, რომ არსებობს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებისა და მათზე ძალადობის ფაქტები, იმის გამო, რომ ხელისუფლება სიძულვილის ენას იყენებს დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტარებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, იმის გამო, რომ უცხოელი აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს პოლიცია სასტიკად გაუსწორდა, იმის გამო, რომ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლგბტ თემის უფლებების დაცვა შეადარა უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე, იმის გამო, რომ უკრაინაში რუსეთის ომის მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულებაა და ხელისუფლებას ჯიუტად არ სურს შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, ასევე იმის გამო, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთთან პირდაპირი ფრენები გაიხსნა.

საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა და შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა. მმართველმა პარტიამ და ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს ორი გზიდან ერთ-ერთი. ერთი გზა მიდის ევროპული მომავლისკენ, მეორე კი წარსულში ბრუნდება. არჩევანი თქვენზეა." განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი