"ქართული ოცნება" პრივილეგიებს იკანონებს - ახალი ცვლილებით, რომელზეც დღეს მეორე მოსმენით უნდა იმსჯელონ, უმრავლესობის ლიდერები ასევე ისარგებლებენ სამსახურებრივი ავტომობილებით, ეყოლებათ საკუთარი სამდივნო და ექნებათ ყველა ის პრივილეგია, რაც დღეისათვის მხოლოდ სპიკერისა და ვიცე სპიკერისთვისაა დარეზერვებული.
ცვლილებები მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის იგეგმება. ცვლილებების მიხედვით, უმრავლესობის ლიდერს ყველა ის პრივილეგია ექნება, რაც ვიცე სპიკერს აქვს.
აქამდე მოქმედი რეგლამენტით, მაგალითად, ირაკლი კობახიძე ასევე სარგებლობს ყველა პრივილეგიით, თუმცა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეა და იმ დროიდან გადმოჰყვა.
მომდევნო მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს კი მოქმედი რეგლამენტით, ეს პრივილეგიები არ ეხება.
ცვლილებები ერთგვარად ზღუდავს ყოფილი დეპუტატების უფლებებს და მათ საშვის გარეშე პარლამენტის შენობაში შესვლას უკრძალავს.
"ეს ემსახურება ოპოზიციის ხმის შეზღუდვას, დახშობას. ოპოზიციისთვის სასაუბრო დროის შეზღუდვას, საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის გარანტიების უგულებელყოფას და სხვა უამრავი საკითხია, რომელიც ისევ და ისევ უზრუნველყოფს მმართველი პარტიის დომინირებას პარლამენტში, მათ შორის უმრავლესობის ლიდერის თანამდებობის შემოღებას და მის საფინანსო და თანამდებობრივი გარანტიების შექმნას" - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
"ოცნების" ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ამ ყველაფერს პრივილეგიებთან არანაირი კავშირი არ აქვს და ერთადერთი სწორი და ოპტიმალური გამოსავალია.