იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე 2024 წლის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრის კანდიდატად შესაძლო წარდგენის საკითხს იუმორისტული ჟანრის შეთავაზებას უწოდებს. ის ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე არაა და შესაბამისად პოლიტიკაში ვერ იქნება ჩართული.
"იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ ეს კომენტარი, თუ საინფორმაციოსთვის. უნდა გახდეს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრემიერი და ჩაერთოს პოლიტიკაში, ნამდვილად იუმორისტული ჟანრიდან არის. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ეს ასე ვერ მოხდება, ელემენტარულად, მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა, ამ ეტაპზე უცხოელს საქართველოში არ აქვს არც აქტიური არც პასიური საარჩევნო ხმა. ნამდვილად გასაკვირია, უნდა ვთქვა ის, როდესაც სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი, გადის საქართველოს მოქალაქეობიდან და იღებს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობას", - თქვა ბრეგაძემ.
ენმ-მ არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. პარტიაში გვიდასტურებენ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები მომავალ არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი იყოს, თუმცა ამბობენ, რომ მთავარი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
რამდენიმე დღის წინ "ნაციონალურმა მოძრაობა" გააჟღერა ინიციატივა, რომ ოპოზიცია მათ გარშემო გაერთიანდეს, თუმცა პარტიებს ეს შეთავაზება არ მიუღიათ.