
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და უკრაინაში გაეროს სისტემის კოორდინატორმა ჰუმანიტარული მიმართულებით დენის ბრაუნმა განიხილეს გაეროს დახმარების გაძლიერება კახოვკას ჰესის აფეთქების ჰუმანიტარული შედეგების დასაძლევად - ინფორმაციას უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.
უკრაინულმა მხარემ აღნიშნა რომ კაშხლის აფეთქების შედეგად, მოქალაქეებისა და ცხოველებისთვის მიყენებული ნგრევისა და ტანჯვის მასშტაბები ხარისხობრივად განსხვავებულ რეაგირებას მოითხოვს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაერო დაუყოვნებლივ გაზრდის დახმარების რაოდენობას და დამატებით ძალებს გაგზავნის ხერსონსა და სხვა დაზარალებულ რეგიონებში.
გარდა ამისა, შეთანხმების მიხედვით, გაერო შექმნის ჯგუფებს ზაპოროჟიესა და ხერსონში, რომლებსაც მარცხენა სანაპიროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჰუმანიტარული მისიით და ხალხის ევაკუაციის დახმარებისთვის გაგზავნიან.
უკრაინის საგარეოს ცნობითვე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაეროს ჯგუფები დაზარალებული რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩავლენ, როგორც კი ოკუპანტებისგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებენ.