"თავისუფლება, რომელიც ყველას გვჭირდება" - ეს არის ფესტივალ ZEG -ის დღევანდელი დღის მთავარი თემა. ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალზე პანელური დისკუსია მიმდინარეობს პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
დისკუსიაზე საუბარია ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზე, ვინაიდან ის ერთადერთი ჟურნალისტია საქართველოში, რომელიც პატიმრობაში იმყოფება კრიტიკული აზრის გამო. შეხვედრას ესწრება ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, მარია რესა, ასევე, ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი ლუსი ვესკოტი.
"ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი, რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ნიკა გვარამია დაპატიმრებულია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები არის პოლიტიკური შურისძიება და რეალურად ის ციხეში ზის ჟურნალისტური საქმიანობის გამო. ნიკა ამჟამად არის ერთ-ერთი იმ 363 ჟურნალისტიდან, რომლების მსოფლიოს მასშტაბით არიან დაპატიმრებულები და ეს ძალიან შემაშფოთებელია", - თქვა ვესკოტიმ.
ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა თქვა, რომ ძალიან საჭიროა მსგავსი დისკუსიები, რომ არ დაგვავიწყდეს სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობა.
"არ დაგვავიწყდეს ის, რომ როდესაც ჟურნალისტებზე, პრესაზე მიმდინარეობს შეტევა, ავტომატურად ნიშნავს, რომ დემოკრატიაზე არის შეტევა. ეს არის რასაც ნიკა აკეთებს უკვე წლებია, იბრძვის დემოკრატიისთვის, იბრძვის თავისუფლებისთვის", - თქვა მან
ლუსი ვესკოტის სურს ნიკა გვარამია მოინახულოს, თუმცა ჯერ უცნობია მიეცემა თუ არა მას ამის საშუალება.