წამება და დამამცირებელი მოპყრობა ციხეში - ყოფილი მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ გლდანის მე-8 დაწeსებულებაში მასზე ფიზიკურად იძალადეს და სხვა პატიმრების მხრიდან გაუპატიურების მცდელობას ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, დამამცირებელ მოპყრობას ციხის ადმინისტრაციაც აქეზებდა. ყოფილი მსჯავრდებული ამბობს, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ციხიდან დღემდე ემუქრებიან, რის გამოც ვინაობის გამჟღავნება არ სურს.
ყოფილი პატიმარი "მთავართან" საუბარში აღწერს, რა მძიმე პირობებში უწევთ გლდანის მერვე მსჯავრდებულებს ცხოვრება. მან საპყრობილე რამდენიმე თვის წინ დატოვა. მისი თქმით, მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შევიწროვებისა და ასევე სექსუალური ძალადობის მცდელობის შესახებ ციხის ადმინისტრაციამ იცოდა, თუმცა მათ არაფერი გაუკეთებიათ.
როდესაც გამოსვლა გინდა კამერიდან და კამერაში გაქვს პრობლემა, უძახი მორიგეს, ყვირიხარ, წივიხარ, კივიხარ, კარს ანგრევ, გეუბნებიან, რომ ფეხებზე მკიდია, გაგინებენ. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იქაურ ყველა თანამშრომელს. ხელს უწყობენ, რომ ნორმალური პატიმარი რომ შედის ციხეში, გამოვიდეს არანორმალური და რაც შეიძლება მეტი ზიანი მიიყენოს საკუთარ თავზე, თუნდაც, დაჭრით, ან თვითმკვლელობით, - ამბობს იგი.
ყოფილი მსჯავრდებულის თქმით, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო არა მხოლოდ თვითონ, არამედ მასთან ერთად მყოფი სხვა პატიმრებიც.
იგი ამბობს, რომ სახალხო დამცველთან ზარის განხორციელების შემდეგ კარანტინში ჩაყავდათ და იქ ამყოფებდნენ, სანამ ჩივილს არ გადაიფიქრებდნენ.
და მე განვიცდი, ძალიან დაძაბული და შეშინებული ვარ, მუქარები დღემდე გრძელდება ჩემ მიმართ. მემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით, ისინი ძალიან საშიში პიროვნებები არიან, - ამბობს ყოფილი პატიმარი.
მისი თქმით, კამერებში ბრიტვებს უყრიდნენ, რომ თუ თავის მოკვლა უნდოდა, ეს გაეკეთებინა.
საქმეში ჩართვის სურვილი გამოთქვა "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა ემპათიამ". მისი ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, პენიტენციური დაწესებულებები გამჭვირვალე არ არის და ამიტომ ძნელია გაირკვეს, რა ვითარებაა იქ ადამიანის უფლებების დაცვის თუ სამედიცინო მომსახურების კუთხით.
ვინაიდან ეს ადამიანი აცხადებს, რომ არის წამების მსხვერპლი, გამოძიება უნდა დაიწყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და გამოძიება უნდა იყოს გამჭვირვალე, - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
ყოფილმა მსგავრდებულმა ლონდა თოლორაიას უწყებას უკვე მიმართა, დაწყებულია გამოძიება და ჩატარებულია ექსპერტიზაც. საქმეში უკვე ჩართულია სახალხო დამცველის აპარატიც.